 |
 |

|
 |

|
"ფშავსა ლექსივით არცერთა ამინდ არ დაეწუნება..." |
 |
 |
 |
|
|
სულში რომ ნისლი იცის (რედაქტორის წინათქმა)
სულში რომ ნისლი იცის, ნამდვილ ნისლზე თეთრია და სპეტაკი, ვერც მზე შეაშრობს... მერე ის ნისლს ყველაფრად გადაქცევა შეუძლია – ქვადაც, მდინარედაც, გვირილადაც... ჰო, ყველაფრად გადაიქცევა ხოლმე და თუ დაინახე, ბედნიერი ხარ. ბედნიერი იმითა ხარ, რომ მერე შენ სხვებსაც დაანახვებ იმ ლამაზ ნისლებს – სულ ტაატით აგზავნი და ახლა ისინიც ხედავნ იმ შენი ნისლის სილამაზეს თავიანთ სულებში. ძალიან დიდი სისპეტაკე უნდა გქონდეს შენარჩუნებული, რომ ამ შენი ნისლის დანახვა, გამოხატვა და სხვებისთვის დანახვება შეძლო. რატომ იდგა ვაჟა ფშაველა და ილია ჭავჭავაძის რიდით ვერ შედიოდა “ქოსების დუქანში”? – სპეტაკი სული ჰქონდა და იმიტომ. ისეთი სპეტაკი, რომ ეცინებოდათ სხვებს იმის საქციელებზე. ეცინათ, მერე რა – ვაჟამ თავის სულში სპეტაკი ნისლი დაინახა და ჩვენც და ჩვენს შთამომავლობასაც დაანახვებს იმ თეთრ ნისლებს. სულის სპეტაკმა ნისლმა ხომ გაქრობა არ იცის... სულის სპეტაკი ნისლი ღმერთია, შენთან მოსული ღმერთი. და ღმერთი არასოდეს გაქრება.
მიხო მოსულიშვილი
 |
 |
ეგება ფშავს მივალ, ავცდი შარახევს, მზესთან სიტყვა მაქვს დარისა, მუქოს მელიან სწორები, სული წინ მიიჩქარისა... გზა-გზა მხვდებიან ხევსურნი, იელის ბანგით მთვრალები, ქალთარაფერას, შავქალას მათკენ მიმირბის თვალები... გულისგულ შამიწრიალებს, ოცნება ბევრის ღამისა: ეგება დამხვდე ორწყალთან, ფშავისკე აღარ გამიშვა... |
ფშავსა გაიამინდებს თუ არა, მოგივალ ჩემო წყალ-ჭალავ, ძნელი ყოფილა ტიალი, მარტის ქალაქში ატანა... ბებოს ნაქონი ხელსურით, ბილიკს არაგვზე ჩავყვები, ფშავისკე მივლენ ღრუბლები ჩემი ტკივილის გამგები… შუაფხოს ზეით წმინდას ცრის, მარტია, მოეგუნება, ფშავსა ლექსივით არცერთა ამინდ არ დაეწუნება... |
|
 |
 |