|
დაუწერელი ლექსების მესანთლე
|
 |
კატო ჯავახიშვილი
|
 |
| |
ავტორისაგან: წინათქმის მაგიერ
სახელი: მე... დაუწერელი ლექსების მესანთლე.
გვარი: ფასეულობათა უღირსი მემკვიდრე.
სქესი: ამორძალი.…
დაბადების თარიღი: დრო, “როცა სიკვდილმა დაბადება შეწყვიტა”.
ოჯახური მდგომარეობა: მაინც გავიღიმებ.
მისამართი: ჟურნალი “ჩვენი მწერლობა”, “ლიტერატურული პალიტრა”.
განათლება: დიპლომების შემგროვებელთა უნივერსიტეტის კურსდამთავრებული.
სამუშაო გამოცდილება: ლექსთფილოსოფების კათედრის სტაჟიორი.
მავანთა შეფასება: ნიჭიერ-ამბიციური.
ჰობი: აბსურდში აზრების შეგროვება.
საყვარელი სასვენი ნიშანი: !
ფობია: სიბერე (ჯერ ადრეა, მაგრამ მაინც).
საყვარელი სუნი: ალუბლისფერი სევდა.
რა იყო: იყო ბიწისფერი ნაღველი და რიყის სველი ნაცრისფერი ქვები...
რა არის: არის მუჭში მომწყვდეული საფეთქლები...
რა იქნება: ამოვატრიალებ ლექსებით სამყაროს!
დანაშაული: ვალს როცა დავუბრუნებ სამყაროს, მაშინ ვიქურდებ.
სასჯელი: ლექსის ეშაფოტი.
და ისევ: მე... დაუწერელი ლექსების მესანთლე...
|
|

რედაქტორის ბოლოთქმა
"თეკლე ბატონიშვილი" – ამ ინტერნეტული მეტსახელით ჩვენი მკითხველი უკვე იცნობს დიდი პოეტური ენერგიის მატარებელი ავტორის, კატო ჯავახიშვილის საინტერესო და თავისებურ ლექსებს. ახლა კი შეგვიძლია კატოს ახალი პოეტურ კრებული წავიკითხოთ. ჰოდა, ხელიდან ნუ გავუშვებთ ამ შესაძლებლობას. და თუ ხანდახან მაინც მოგვინდება, რომ შევუძახოთ: "ბატონიშვილო, აქ ციცაბოა!" სჯობია, გავჩუმდეთ და არ ვიდარდოთ ამაზე – “ლექსთფილოსოფების კათედრის სტაჟიორი” და “დაუწერელი ლექსების მესანთლე” (ბრჭყალებში აყვანილ ფრაზებს თავად ეძახის საკუთარ თავს – იხილეთ “ავტორის წინათქმა”) "თეკლე ბატონიშვილი" თავადაც მიხვდება ხოლმე, რომელ ციცაბოებზე როგორ უნდა გაიაროს... ის უფრო მართებული იქნება, რომ ახალ-ახალი ციცაბოებისკენ საკუთარი ბილიკებით მიმავალ ახალგაზრდა პოეტს გზად დავადევნოთ: - კეთილად გევლოს, კატო ჯავახიშვილო!..
მიხო მოსულიშვილი
|